შესვლა ან რეგისტრაცია

შედი

შედი შენს პროფილზე

შესასვლელად გამოიყენე არსებული პროფილი

როგორ დარეგისტრირდეთ

რეგისტრაციისთვის და საიტზე შესასვლელად საჭიროა გქონდეთ ჩამოთვლილი სოციალური ქსელებიდან ერთ-ერთი მაინც.

აარჩიეთ სასურველი სოციალური ქსელი და შედით ვებ-გვერდზე.
საბანერო რეკლამა!

თბილისის ღირსშესანიშნაობები

ბარათაშვილის ქუჩა


ბარათაშვილის ხიდი ეს ის ადგილია, საიდანაც ძველი ქალაქის დათვალიერება შეგიძლიათ დაიწყოთ . მას შეიძლება ”კონტრასტების ქუჩაც” ეწოდოს რადგან აქ ”წარსული” და ”აწმყო” ერთმანეთს ერწყმის. მარჯვენა მხარეს თანამედროვე შენობებია, ხოლო მარცხენა მხარეს – ძველი, ეროვნული სახლები აივნებით.

ძველი ციხესიმაგრის კედელი


ბარათაშვილის ქუჩაზე კარგადაა შემონახული და ნაწილობრივ აღდგენილი ძველი, კოშკებიანი ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები. კედელზე რკინის ფირფიტაა წარწერით: ძველი თბილისის ეს თავდაცვითი კედელი 1977 წელს იქნა აღმოჩენილი”. იგი ქალაქის ციხესიმაგრიდან (ნარიყალადან) იწყება, სოლოლაკის გასწვრივ გადის თანამედროვე ქუჩების დადიანის, პუშკინისა და ბარათაშვილის გასწვრივ და მდინარე მტკვრთან მთავრდება. ადრე, ამ ადგილას დიღმის კარი და მუხრანთუბანის გალავანი იყო.

შოთა ყავლაშვილის მონუმენტი


ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში ქართველი არქიტექტორის, შოთა ყავლაშვილის მონუმენტია განთავსებული. მისი ავტორობით განხორციელდა ქალაქის ძველი რაიონების რეკონსტრუქცია და აღდგენა.

იოანე პეტრიწის მონუმენტი


ქალაქიდან არც თუ შორს განთავსებულია მე-12 საუკუნის ქართველი ნეო-პლატონური ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მონუმენტი.

კონკა


კონკა თბილისში პირველად 1883 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად იგი საქონლის სატარებლად გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით მას ადამიანებიც მიმართავდნენ. 1904 წელს კონკა ტრამვაიმ ჩაანაცვლა, თუმცა ადამიანებმა ვერ შეძლეს მასთან განშორება და ახლა იგი ქუჩის კაფის სახითაა შემონახული.

თოჯინების მუზეუმი


შეუძლებელია არ შეამჩნიოთ ფერადი შენობა ბარათაშვილის ქუჩაზე დაშვებისას. ეს გახლავთ თოჯინების მუზეუმი. (არქიტექტორი – შ. ყავლაშვილი). შენობა განთავასებულია სანაპიროზე, ბარათაშვილისა და შავთელის ქუჩებს შორის.

კომპოზიცია ”ბერიკაობა”


თოჯინების მუზეუმის წინ განთავსებულია კომპოზიცია ”ბერიკაობა” (ბერიკაობა ქართული ნაციონალური დღესასწაულია, რომელიც არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში. ეს არის ქართული ხალხური ნიღბების თეატრი, რომელიც ქუჩებში იმართება ხოლმე). იგი მოქანდაკე ა.მონასელიძისა და არქიტექტორ გ. ჯანბელიძის მიერაა შექმნილი.

მეეზოვის ქანდაკება


ახლოსვეა განთავსებული მეეზოვის ქანდაკება, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატის მიხედვითაა შესრულებული.

ანჩისხატი


ანჩისხატის ბაზილიკა და მისი სამრეკლო (მე-6 საუკუნე) ერთ-ერთი უძველესია თბილისში. ანჩისხატი ვახტანგ გორგასლის ვაჟის, დაჩი უჯარმელის პერიოდში აღიმართა. პალესტინური არქიტექტური გავლენის გამო, ტაძარი სამ-ნეფიან ბაზილიკასაა მიმსგავსებული. მოცემული სახელწოდება ტაძარს მე-17 საუკუნეში მიენიჭა. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა (იგი თამარ მეფის ეპოქაში ცხოვრობდა) მოხატა, ძველ ქართულ ქალაქში ანჩიში ინახებოდა( ახლა ეს კლარჯეთია, რომელიც თურქეთის ტერიტორიად მოიაზრება). თურქეთის ერთ-ერთი შემოჭრის დროს ცხადი გახდა, რომ ქალაქს ვეღარ დაიცავდნენ და ხატი თბილისში, ამ ტაძარში იქნა გადასვენებული. ახლა ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ტაძარი რამოდენიმეჯერ იქნა გადაკეთებული, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში, როდესაც ტაძრის ზედა ნაწილი, რამოდენიმე ბოძი და სამრეკლო კვლავ აგურით ააშენეს. ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილებია ქვის კედლები, აღმოსავლეთის ფასადის სარკმელების რაფები და სარკმელი საკურთხევლის ზემოთ.

ტიციან ტაბიძის ბიუსტი


ანჩისხატის ტაძრის მახლობლად, სანაპიროს მხარეს განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის (1895-1937) ბრინჯაოს ბიუსტი. ტიციან ტაბიძე ”ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვათა მსგავსად, ისიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლი შეიქმნა. ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს და სახელმწიფო ღალატის შეთხზული ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. პოეტი ცნობილი რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ახლო მეგობარი იყო, რომელმაც მისი პოეზია რუსულ ენაზე თარგმნა.

ერეკლე II -ის მოედანი


შავთელის ქუჩა ერეკლე II -ის მოედანზე სრულდება. 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ტაძრებს შორის არსებულ მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო და ამ მოედანსაც ”სამეფო მოედანი” ეწოდა. 1975 წელს, აღა-მახმად-ხანის შემოჭრისას სასახლე მთლიანად განადგურდა. ძველ დროს ადგილობრივი მოსახლეობა აქ იკრიბებოდა და ახალ ამბებს განიხილავდა ხოლმე. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ”სალაყბო”.

პატრიარქის რეზიდენცია და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია


ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წინ შეგვიძლია ვიხილოთ მცირე ზომის შადრევანი – საჩუქარი ”პარიზისაგან თბილისს”. ამ მოედნიდან იწყება ერეკლე მეორეს სახელობის ულამაზესი ქუჩა. ვაზის ერთ-ერთი ჯიში ”იზაბელა” პირდაპირ ქუჩაშივე იზრდება.

სიონის ტაძარი


ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მემორიალია – წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი ან უბრალოდ სიონი. ქუჩასაც შესაბამისად სიონის ქუჩა ეწოდება, რომელზე მოხვედრაც ერეკლე მეორის ქუჩით შეგიძლიათ. ტაძრის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა (446-499 წწ) დაიწყო. სიონი მუდამ თბილისის მძიმე ხვედრის თანამოზიარი იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე იგი არა ერთხელ დაანგრიეს და გაანადგურეს. 1226 წელს ხორეზმის შაჰის მემკვიდრე, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა საქართველოში და თბილისი დაიკავა. შაჰმა ტაძრიდან გუმბათის აღება და მის ნაცვლად იქ მისი ტახტის დადგმა ბრძანა, რათა ქალაქის გადაწვისა და ქრისტიანთა წამებისათვის ედევნებინა თვალი. ვინც წმინდა ხატების შეურაცხყოფაზე უარს იტყოდა, ჯალათები თავს ჭრიდნენ და მათ სხეულებს იქვე, მტკარში ყრიდნენ. სწორედ ასე იქნა მოკლული ასი ათასი ქართველი მოწამე. სულ მალე საშინელ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი და შაჰის ტახტი ტაძრიდან ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ სიონის ტაძარში ინახება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე დიდი სიწმინდე. ეს გახლავთ წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის ორი ტოტისაგანაა დამზადებული და თვითონ ნინოს თმითაა შეკრული. 1752 წელს ჯვარი რუსეთში იქნა წაღებული, ხოლო 1801 წელს კი იგი კვლავ საქართველოში დააბრუნეს.

იეთიმ გურჯის ძეგლი


სანაპიროს მხრიდან, სიონის ტაძრის მახლობლად დგას ქართველი პოეტ-აშუღისა და მომღერალის, იეთიმ გურჯის (1875-1940) ძეგლი. (მოქანდაკე დ. მიქათაძე, არქიტექტორი – შ. ყავლაშვილი, ბრინჯაო, 1985 წ.)

ქარვასლა


სიონის მახლობლად განთავსებულია შენობა, სადაც მე-19 საუკუნის დასაწყისში განთავსებული იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქარვასლა. იგი ვაჭარ პ. არწრუნს ეკუთვნოდა. ქარვასლები წარმოადგენდნენ მსხვილ საზოგადოებრივ ნაგებობებს დასავლეთში, გზებსა და დაუსახლებელ ადგილებში რომელთა ძირითადი დანიშნულებაც მოგზაურთათვის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფა იყო. ქარვასლა, რომელზეც ახლა გვაქვს საუბარი იმ ქარვასლის ნანგრევების (მე-18 საუკუნეში სპარსელების შემოჭრის შედეგი) ადგილას დგას, რომელიც მეფე როსტომმა 1650 წელს ააგო და თბილისის ეპისკოპოსს გადასცა. ნაგებობის შიდა ნაწილში უზარმაზარი ეზო გახლდათ, რომელშიც ლამაზი აუზები იყო განთავსებული. შიდა ეზო გალერეებით იყო გარშემორტყმული. პირველი სართულზე დახლები და სახელოსნოები ფუნქციონირებდნენ. მეორე სართულზე მოთავსებულ 25 მაღაზიაში კი აზიური და ევროპული საქონლით ვაჭრობდნენ. 1885 წელს ხანძრისაგან სასტიკად დაზიანებული შენობა აღადგინეს. სიონის ქუჩაზე გამავალი ფასადი კი 1912 წელს მოდერნის სტილში გადააკეთეს. 1984 წელს განხორცილებული მორიგი რეკონსტრუქციის შემდეგ კი ამ შენობაში გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა ფუნქციონირებს.

თბილისის სასულიერო სემინარია


სიონის ქუჩაზე, ”ქარვასლის” მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ქარვასლაა, რომელიც დედოფალ თეკლეს, ერეკლე მე-2-ის ქალიშვილს ეკუთვნოდა. ის აშენებულია სამეფო ქარვასლის ადგილას, რომელიც საბუთებში 1672 წლიდან მოიხსენიება და ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაშიც აღინიშნება. შენობის ჩვენამდე მოღწეული იერ-სახე მე-19 საუკუნის 70-იან წლებში იქნა ჩამოყალიბებული, როდესაც შენობებისათვის აღმოსავლური კოლორიტის მინიჭების ტენდენცია გაჩნდა. ამჟამად, ყოფილი ქარვასლის ერთ-ერთ კორპუსში თბილისის სასულიერო სემინარიაა განთავსებული.

ბამბის რიგი და შარდენის ქუჩა


ფეოდალურ ქალაქში სიონისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გასწვრივ რასტაბაზარი იყო განთავსებული. ”რასტაბაზარი” სპარსული სიტყვაა და ქართულად, ქუჩის გასწვრივ, ერთ რიგად მოწყობილ დახლებსა და სახელოსნოებს ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ სავაჭრო რიგი – მენთეშევის რიგები ააშენეს. სავაჭრო რიგი შედგება მოდერნის სტილის ორი შენობისგან. პირველი შენობა თბილისის ისტორიის მუზეუმს ესაზღვრება, მეორე კი რაიონს შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩებად ჰყოფს. ბამბის რიგი მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა და ამასთან ერთ-ერთი უძველესია თბილისში. აქ ჯერაც შეგიძლიათ იხილოთ მენთეშევის რიგები, მისი სახლი და მისი ოჯახის გერბი.

ქანდაკება ”თამადა”


ბამბის რიგის დასაწყისში ბრინჯაოს კაცის ქანდაკებაა, რომელსაც ხელში ღვინის ყანწი უკავია. ეს მონუმენტი გაზრდილი ასლია ბრინჯაოს ქანდაკებისა, რომელიც დასავლეთ საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნით თარიღდება.

შარდენის ქუჩა


ბამბის რიგიდან მარჯვნივ, შარდენის ქუჩაა. შარდენი ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩაა, მას ფრანგი მკვლევარის ჟან შარდენის სახელი უწოდეს, რომელმაც თბილისი 1863 წელს მოინახულა. იმ პერიოდისათვის ქუჩას ”ბნელი რიგი” ეწოდებოდა, რადგან იგი გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. შარდენის, ბამბის და ერეკლე მე-2-ის ქუჩები შესაძლებლობას გვაძლევენ დავათვალიეროთ ადგილობრივი არტ-გალერეები და სუვენირის მაღაზიები. ამასთან, აქ უამრავი კაფე ფუნქციონირებს.

სერგეი ფარაჯანოვის მონუმენტი


შარდენის ქუჩის ბოლოს, სანაპიროს მხრიდან განთავსებულია ცნობილი პროდიუსერის სერგეი ფარაჯანოვის მონუმენტი. იგი იტალიაში დაამზადეს ქართველი მოქანდაკის ვაჟა მიქაბერიძის ესკიზებითა და იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტო-სურათის მიხედვით.

გორგასალის მოედანი


შარდენის ქუჩიდან, შეგვიძლია მოვხვდეთ გორგასალის მოედანზე. ეს მოედანი ციხესიმაგრის წინ იყო განთავსებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი თავდაპირველი სახელწოდება – ”ციხისმოედანი”. დიდი ხნის განმავლობაში ციხესიმაგრეს სპარსელები განაგებდნენ. ხალხმა განსხვავებული რწმენის დამპყრობლები საერთო სახელის ”თათრების” ქვეშ გააერთიანა. სწორედ ამიტომ მოედანს სახელი შეუცვალეს და თათრის მოედანი დაარქვეს. მას ასევე შეიტან-ბაზარსაც უწოდენენ. ეს იყო მთავარი სავაჭრო მოედანი. აქ ყველაფრის შეძენას შეძლებდით, იქნებოდა ეს საკვები, სასმელი, ოქროსა თუ ვერცხლის ნივთები.

წმინდა გიორგის ეკლესია – სურბ გევორგი


გორგასლის ქუჩიდან იწყება სამღებროს ქუჩა, სადაც მდებარეობს სომხური ეკლესია სურბ-გევორგი. იგი აგურისაგანაა ნაშენები პრინცი უმეკის ხელმძღვანელობით 1251 წელს. შემდგომში ის არაერთხელ იქნა გადაკეთებული. იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ძველ მოქმედ სომხურ ეკლესიად თბილისში. ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ქვეშ დამარხულია მე-18 საუკუნის სომეხი პოეტი საიათ-ნოვა.

კოტე აფხაზის ქუჩა


გორგასალის მოედნიდან შეგვიძლია გადავიდეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე. შუა საუკუნეებში ქუჩას შუაბაზარი ეწოდებოდა და ქალაქს ზედა და ქვედა ნაწილებად ჰყოფდა. იგი ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ იყო გადაჭედილი ხალხით . ეს გახლდათ ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი. მე-19 საუკუნეში ქუჩას ”სომხური ბაზარი” ეწოდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუჩას სახელი შეუცვალეს და საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სახელი უწოდეს. 2007 წელს ქუჩას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძარაობის ერთ-ერთი ლიდერის, საზოგადო და სამხედრო მოღვაწის, გენერალ კოტე აფხაზის საპატივსაცემულოდ კვლავ გადაარქვეს სახელი. ქუჩა რამოდენიმეჯერ იქნა რეკოსტრუქტურებული. ქვაფენილი გააფართოვეს და მოძრაობა ცალმხრივი გახადეს, რათა ფეხით მოსიარულეებს უკეთ შეძლებოდათ უძველეს ქუჩაზე სეირნობა. აქ ერთმანეთის მახლობლად განთავსებულია ებრაული სინაგოგა, ქართული მართლმადიდებლური ტაძარი – ჯვარის მამა და სომხური ეკლესია – ნორაშენი.

სინაგოგა


სინაგოგა მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აშენებული. ქართული სინაგოგა ცნობილია, როგორც ”დიდი სინაგოგა”. იგი ახალციხელი ებრაელების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს დასახლდნენ. ამიტომ, მას მეორენაირად ”ახალციხელი ებრაელების სინაგოგადაც” მოიხსენიებენ. სინაგოგა 1895-1913 წლებში აგურითაა ნაშენები, ეკლექტიკურ სტილში. შემდგომ იგი გუმბათითა და სარკმელით დაამშვენეს. სინაგოგის მთავარი ჭიშკარი დავითის ვარსკვლავითაა დამშვენებული.

ჯვარის მამა


ტაძრის სახელი მომდინარეობს იერუსალიმში არსებული ქართული ეკლესიიდან. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში იდგა პატარა ეკლესია, რომელიც მონღოლების შემოჭრისას დანგრეულ იქნა. მე-16 საუკუნეში ეკლესია აღადგინეს. აღა-მახმად-ხანის შემოჭრის დროს, იგი ისევ დაინგრა. 1825 წელს ტაძარი კვლავ აღადგინეს. ამ პერიოდასთვის მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ეკლესია ”ნორაშენი”


ჯვარის-მამის მარჯვნივ მდებარეობს სომხური ეკლესია ნორაშენი, რაც სომხურად ახლად-აშენებულს ნიშნავს. ეკლესია სადატის მიერ 1467 წელს იქნა დაარსებული. 1650 წელს ხოჯა ნაზარმა ხელახლა ააშენა ახლად დანგრეული ეკლესია. ეკლესიის გუმბათი ოსტატი პეტროსის მიერ იქნა შექმნილი. ეკლესია 1795, 1808 და 1875 წლებში კვლავ აღდგენას ექვემდებარებოდა. ეკლესიის ინტერიერი დამშვენებულ იქნა ერეკლე მე-2-ის კარის მხატვრის, ოვნათან ოვნათანიანის მიერ შექმნილი ფრესკებით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია ბიბლიოთეკად გადაკეთდა. დღეს ეკლესია არ ფუნქციონირებს.

საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

აფხაზის ქუჩიდან მარჯვნივ გადახვევისას, შევამჩნევთ ანტონ კათალიკოსის ქუჩას. აქ ჩვენ აღმოვაჩენთ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მუზეუმი განთავსებულია მე-19 საუკუნის ყოფილ გუმბათოვან სინაგოგაში. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, სინაგოგა დაიხაურა. ამჟამად იგი რეკოსნსტრუქციის პროცესში იმყოფება და მცირე ხნით დაკეტილია.

სომხური ეკლესია ”სურბ-ნიშან”


თუკი აფხაზის ქუჩაზე დავბრუნდებით და მარჯვნივ შევუხვევთ ვიპოვით ვერცხლის ქუჩას, სადაც მდებარეობს ძველი სომხური ეკლესია ”სურბ-ნიშანი”, რაც ნიშნავს ჯვარის ნიშანს. იგი 1701 წელს აიგო. ეკლესიის დეკორი მოიცავს ტრადიციულ სომხურ და აღმოსავლეთის ელემენტებსაც. ამ მომენტისათვის ეკლესია არ ფუნქციონირებს.

გენერალ ლესელიძის მონუმენტი

აფხაზისა და ვერცხლის ქუჩების კუთხეში გენერალ ლესელიძის (1903-1944, საბჭოთა პოლკოვნიკ-გენერალი და საბჭოთა კავშირის გმირი) ძეგლი დგას.

წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია


ეკლესია (პოლონური რომან-კათოლიკური ეკლესია) მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა აგებული. მას შემდეგ რაც არქიტექტორმა ზალცმანმა 1874 წელს სხვა კათოლიკური ეკლესია ააგო, პირველს ”ძველი”, ხოლო ქუჩას რომელზეც იგი დგას ”ძველ კათოლიკური” უწოდეს. საბჭოთა პერიოდში მას 1 მაისის ქუჩა დაარქვეს, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში მას ალექსანდრე დიუმას ქუჩა ეწოდა ცნობილი ფრანგი მწერლის პატივსაცემად, რომელიც თბილისს ესტუმრა, ძალიან მოეწონა იგი და მისი აღწერილობაც დატოვა. საბჭოთა პერიოდში ამ ეკლესიაში საწყობი მოეწყო და შენობა ძალიან დაძველდა. რომის პაპის სტუმრობის წინ იგი აღდგენილ იქნა და ახლა, კათოლიკურ მესებთან ერთად აქ ორღანის მოსმენაც შეიძლება.

აბანოთუბანი


ჩვენი მეორე ტურისტული მარშრუტი აბანოთუბანიდან იწყება, სადაც გორგასლის მოედნიდან გორგასლის ქუჩით ვხვდებით. სწორედ აქ არის დღევანდლამდე მოქმედი გოგირდის აბანოები და შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყებოდა საქართველოს დედაქალაქის მშენებლობა. გადმოცემის მიხედვით, გოგირდის წყაროები მეფე ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა ნადირობისას. წყაროები მთა თაბორიდან გადმოედინებოდნენ. ამ უბანს სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად მოიხსენიებდნენ. თავდაპირველად მას ჩვენი დედაქალაქის სახელს უწოდებდნენ – თბილისი. მე-17 საუკუნეში აქ სპასრსეთიდან სეიდების ტომი გადმოსახლდა და რაიონს სეიდ-აბადი დაერქვა. მოგვიანებით, მე-18 საუკუნის დასაწყისიდან რაიონს ”ხარპუხს” უწოდებდნენ, რაც სურდოს ნიშნავს. გადმოცემით, ერთ გამოქცეული კაცი გზაში გაციებულა და სურდო დაწყებია. მას თურმე ცხვირი აბანოს კარებთან არსებულ ქვაზე მიუდია და სურდომაც ხელად გაუარა. შედეგად აქ, მთელმა ქალაქმა დაიწყო სიარული სურდოსაგან განსაკურნად. სინამდვილეში, ხარპუხი არა მარტო აბანოთუბანი, არამედ მთლიანი ტერიტორიაა ორთაჭალამდე და ასევე, სოფელი თაბორის მთის ფერდობებზე.

ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლი


აბანოთუბანის დასაწყისში, მწვანე დაბლობის შუაგულში, დაბალ, ფაქტობრივად ბრტყელ ფუნდამენტზე განთავსებულია ნიკო ფიროსმანაშვილის ძეგლი (მოქანდაკე ე. ამაშუკელი, 1975 წ). მხატვარი მუხლმოდრეკილი, ფეხშიშველი მკერდში იკრავს უსუსურ კრავს. .

გოგირდის აბანოები


თბილისი ოდითგანვე ცნობილია თავისი გოგირდის აბანოებით. მათგან ყველაზე ძველი ერეკლე მე-2-ს აბანოა. აბანოს ქუჩაზე განთავსსებულ აბანოთაგან ყურადღებას იქცევს ორბელიანის აბანო. მას ასევე ”ჭრელ აბანოსაც” უწოდებენ. ყველა აბანო მიწის ქვეშაა განთავსებული, თაღებითა გადახურული და გუმბათს ზემოთ არსებული მინის ფარნის წყალობით, ბუნებრივად განათებული. ძველად ბანაობის დრო შეზღუდული არ იყო. თბილისის მაცხოვრებლებს აქ თავისუფალი დროის გატარება უყვარდათ. ისინი აქ წვულებებსაც კი მართავდნენ. ქალებისათვის განსაზღვრული დღეები იყო გამოყოფილი. დიდ რუს პოეტს ალექსანდრე პუშკინს უთქვამს, რომ მას არსად არ მიუღია ისეთი სიამოვნება, როგორც თბილისის გოგირდის აბანოში. ამ საოცარ წყაროზე საუბარი დიდ ხანს შეიძლება, თუმცა ჯობს საკუთარ თავზე გამოსცადოთ მისი სასწაულმოქმედი ძალა.

მეჩეთი


ვიწრო ჩიხები და კიბისებურად განლაგებული ეზოები სრულებით დამახასიათებელია ქუჩისათვის, რომელიც მთიან რელიეფზე მიემართება. სწორედ ასეთია ბოტანიკური ქუჩა, რომლის ერთ-ერთ მოსახვევში დგას ერთადერთი მოქმედი მეჩეთი მოთეთრო-მოცისფრო გუმბათით. იგი ძველი მეჩეთის ადგილას 1864 წელს აიგო. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლამდე თბილისში კიდევ ერთი, შიიტური მეჩეთი იდგა. იგი შაჰ აბასმა მეტეხის ხიდის ნაპირას ააგო. თუმცა, 1950 წელს იგი დანგრეულ იქნა. ამის შემდგომ თბილისელი შიიტი მუსულმანები სუნიტურ მეჩეთში ლოცულობენ. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც რელიგიური წინააღმდეგობების მიუხედავად შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში დადიან.

ბოტანიკური ბაღი


მეჩეთის უკან მრავალ კვდრატულ კილომეტრზე გადაჭიმულია თბილისის ბოტანიკური ბაღი. იგი წავკის-წყალის ხეობაში, თაბორისა და სოლოლაკის ქედებს შორის და მათ ფერდობებზეა განლაგებული. ბაღი 1625 წლიდან არსებულ სამეფო ბაღის ბაზაზეა შექმნილი. აქ მთელი წლის მანძილზე ყვავის ულამაზესი ყვავილები და მცენარეები. ბაღში აღმოაჩენთ ჩანჩქერს და ხიდს მდინარის გასწვრივ.

ნარიყალა


სოლოლაკის ქედის თავზე ნარიყალას ციხესიმაგრეს აღმოაჩენთ. იგი ძველი თბილისის ყოველი კუთხე-კუნჭულიდან მოჩანს. ადგილი ციხე-სიმაგრის ასაშენებლად საუცხოოდაა შერჩეული. ჩანს, თბილისი სამხედრო ბაზად იყო ჩაფიქრებული. უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა შეამჩნიეს როგორც ადგილობრივმა მმართველებმა, ისე უცხოელმა დამპყრობლებმაც. ერთნიც და მეორენიც ნარიყალას საკუთარ რეზიდენციად და შტაბ-ბინად აქცევდნენ ხოლმე. ნარიყალა პირველი მსხვილი ნაგებობაა თბილისში. შორიდან ჩანს, რომ შენობა მთის მწვერვალს იკავებს და და ქვემოთ, უფრო მომცრო მწვერვალზე ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ კედლების მშენებლობის ტექნიკა ყველას ანცვიფრებს.

ქართლის დედა


ნარიყალას უძველესი ციხესიმაგრის ნანგრევებში განთავსებულია 1935 წელს შექმნილი სასეირნო ბილიკი. სწორედ აქ დგას ”ქართლის დედის” მრავალმეტრიანი ქანდაკება. ეს არის ქართველი ხალხის ლეგენდარული სულის სიმბოლო. ნაციონალურ კაბაში შემოსილ ქალს ერთ ხელში სტუმრისათვის განკუთვნილი ღვინის ფიალა უჭირავს, მეორეში კი მტრისათვის გამიზნული ხმალი. ქანდაკება 1958 წელს მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელმა შექმნა.

ათეშგა

ნარიყალადან მარჯვნივ, ქართლის დედის მონუმენტთან ახლოს შენარჩუნდა აგურის ნაგებობის ნანგრევები. ამ ადგილას უძველესი დროიდან იდგა ცეცხლთაყვანისმცემლების ტაძარი. მას ათეშგა ეწოდებოდა. სახელწოდება გამოომდინარეობს ”ათეშ კადე” -დან, რაც ნიშნავს ”ცეცხლის ტაძარს”. ათეშგა მე-5 საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობისას აღიმართა. ცნობილია, რომ სპარსელები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. მათ შემდეგ მოსული არაბები უკვე არაბები იყვნენ, თუმცა მათ არ უხლიათ ხელი ათეშგასათვის. ამის მიზეზი სავარაუდოდ ცრურწმენები უნდა იყოს და არა სიძველის შენარჩუნების სურვილი. თუმცა, 1720 წელს, თურქებმა აკრძალვა დაარღვიეს. მათ არა ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს ათეშგაზე. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ არაბებმა მთლიანად დაანგრიეს ტაძარი და მის ნაცვლად ააშენეს მეჩეთი. სხვები კი თვლიან, რომ მათ ის მხოლოდ გადააკეთეს მეჩეთად. ქართველმა მეფეებმა ათეშგა წარსულის გადმონაშთის სახით შემოინახეს. ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა ტრადიციული რელიგიური შემწყნარებლობისა და ბრძნული სახელმწიფო პოლიტიკისა.

ბეთლემის ტაძარი


ნარიყალას ციხესიმაგრის ძირას, კლდის უბანში განთავსებულია ბეთლემის ტაძარი. იგი მეფე ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში, მე-5 საუკუნეში აშენდა. იგი არა ერთხელ დაექვემდებარა მრავალრიცხოვან ცვლილებებსა და რეკონსტრუქციებს, რომლებმაც არსებითად შეცვალეს მისი თავდაპირველი იერი. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ბეთლემის ტაძარი სომხებმა იყიდეს და იქ სომხური ქალთა მონასტერი დაარსდა. 90-იან წლებში, იმის გამო რომ მონასტერი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა, ტაძარი ქართულ ეპარქიას დაუბრუნეს.

ბეთლემის ქუჩა-კიბე

აქვე იწყება კლდისუბანისათვის დამახასიათებელი ქუჩა-კიბე, რომელსაც თბილისელები ფეთხაინს უწოდებენ. ამ ქუჩის პროექტი შეიმუშავა გუბერნიის არქიტექტორმა ბელოიმ 1850 წელს .

სოლოლაკი

შემდეგი ჩვენი მარშრუტი იწყება სოლოლაკის რაიონიდან. სოლოლაკში ყველაზე სუფთა ჰაერია მთელს თბილისში. იგი იწყება თავისუფლების მოედნიდან და მამა დავითის მთამდე მიდის. გადმოცემის მიხედვით, არაბთა ბატონობის პერიოდში, ბოტანიკური ბაღის მორწყვისათვის ააშენეს თუ აღადგინეს აკვედუკი (ხიდი, რომელიც წყლის გადასვლისათვისაა შექმნილი). ამ არხს არაბულად სულუპახს უწოდებდნენ. ტერიტორია ოდითგანვე იყო დაფარული ბაღებით, რომელთა ნარჩენებიც ჯერ კიდევ გვხვდება შიდა ეზოებში. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზეც კი, სოლოლაკის ადგილას ბაღები არის დატანებული. მშენებლობა დაიწყო მე-19 საუკუნეში. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე სოლოლაკი თბილისში ყველაზე პრესტიჟულ, კეთილმოწყობილ და ”ევროპულ” რაიონად მიიჩნეოდა. მასში, ძირითადად, სახლდებოდა ადგილობრივი ელიტა, მეწარმეები და სტატუსიანი ინტელიგენცია. თუკი სოლოლაკის ქუჩებს ჩაუღრმავდებით, სწრაფადვე მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ მას ”კავკასიურ პარიზს” . ამის მიზეზი განსაკუთრებულად წყნარი ატმოსფერო, ენათა მრავალფეროვნება და მე-19-მე-20 საუკუნისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტური არქიტექტურაა. იმ დროის თბილისის სახლები სიმდიდრითა და ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპულ მოდერნს. სახლების მფლობელები მათ მშენებლობას ქალაქის საუკეთესო არქიტექტორებს უკვეთავდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, რომელიც ძირითადად ფეშენებელური ვილებითა და ”მოდერნის” სტილის სახლებით იყო დაკომპლექტებული. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სოლოლაკი ისევე გამოიყურება, როგორც ძველ დროს. სადარბაზოებში კი ჯერაც შეიძლება წარწერა SALVE -ს (მოგესალმებით) ან სახლის ყოფილი მესაკუთრის სახელის წაკითხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკი


თავისუფლების მოედნიდან ზემოთ მიდის ლეონიძის ქუჩა, რომლის დასაწყისშიც, მარჯვენა მხარეს არის განთავსებული საქართველოს ეროვნული ბანკი. შენობა 1913 წელს ააშენეს (არქიტექტორი – მ. ოგაჯანოვი). თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო. 1959-1960 წლებში მას მესამე სართულიც დაურთეს. მთავარი ფასადი, რომელიც ქუჩაზე გადის მოდერნის სტილისაა. ფასადის მხარე მორთულია რელიეფური ორნამენტებით და ფიგურული კომპოზიციებით

ფულის მუზეუმი


თუკი ნუმიზმატიკის მოყვარული ბრძანდებით, ფულის მუზეუმი თქვენთვის საინტერესო სანახაობა იქნება. იგი ეროვნული ბანკის გვერდითაა განთავსებული. მუზეუმი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ქრონოლოგიური განრიგითაა წარმოდგენილი სამონეტო საქმისა და ფულადი მიმოქცევისა მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში. ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები: კოლხური თეთრი, მაკედონური სტატერი, ანტიკური მონეტები, არაბული დრაჰმები, ვენეციური დუკატები და სხვ. მუზეუმში შეძლებთ ძველი ქართული მონეტების ასლების, თანამედროვე ქართული საინვესტიციო, საიუბილეო და საკოლექციო მონეტების შეძენასაც.

მაჩაბლის ქუჩა

მაჩაბლის ქუჩაზე (ლეონიძის ქუჩიდან პირველი შესახვევი მარცხნივ) ინჟინერ მირზოევის სახლში ცხოვრობდა რუსი პოეტი ნიკალაი გუმილევი (1900-1903). შენობა კუთხურია და ორ ლამაზ ქუჩაზე გადის. გუმილევის პირველი ლექსი სწორედ რომ თბილისში დაიბეჭდა.

საქართველოს მწერალთა კავშირი


ჩვენი შემდეგი გაჩერება საქართველოს მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობაა. იგი მაჩაბლის 13-ში მდებარეობს. შენობა 1905 წელს ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერაა აშენებული. შენობის არქიტექტურული სტილი მკვეთრად გამოხატული მოდერნია. ამ სახლში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენცია. მის სასტუმრო ოთახში კითხულობდნენ აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს… სახლს სტუმრობდა სერგეი ესენინიც. ამ სახლთან ერთად ესენინმა მთელი თავისი ქონება ქართულ საზოგადოებრიობას, ეკლესიას, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და კონიაკის ქარხნის მუშაკებს უანდერძა. სარაჯიშვილისა და მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სარაჯიშვილის ცოლის ძმამ დაარღვია ანდერძი და 1918 წელს გადაწყვიტა შენობის აუქციონზე გაყიდვა. ამან ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია და მათ დახმარებისათვის ქართველ კომერსანტს და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ხოშტარიას მიმართეს, რომელმაც შეიძინა შენობა. 1921 წელს, ბოლშევიკების მოსვლასთან ერთად, ხოშტარიამ დატოვა საქათველო და შენობა ქართველ მწერლებს უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შენობა მწერალთა კავშირს დაუტოვეს. ამ კედლებს ბევრი ახსოვთ – პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა, მუდმივად მთვრალი გალაქტიონ ტაბიძე… 1928 წელს მაქსიმ გორკი ამ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. აქ 1927 წელს ახალგაზრდა ახალგაზრდა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე ვლადიმერ მაიაკოვსკი თავის ნაწარმოებებს კითხულობდა. 1927 წლის 8 ოქტომბერს თბილისში პროგრესიული ფრანგი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ანრი ბარბოსის საპატივცემულოდ შედგა საზეიმო შეხვედრა. 1938 წლის 10 ივლისს კი აქ იყო ცნობილი რუსი მწერალი ალექსეი ტოლსტოი.

ლერმონტოვის ქუჩა

ლეონიძის ქუჩის პარალელურად და მაჩაბლის ქუჩის გადაკვეთაზე განთავსებულია ლერმონტოვის ქუჩა. ლერმონტოვის ქუჩის დასაწყისში, მე-19 საუკუნეში განთავსებული იყო გენერალ-მაიორ ფიოდორ ისაევიჩ ახვერდოვის სახლი. 1816 წელს, მიიღო რა კავკასიის კორპუსის არტილერიის მეთაურის წოდება იგი პეტერბურგიდან კავკასიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ფიოდორ ისაევიჩი თავის ოჯახთან ერთად თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დასახლდა. სამწუხარო, ეს ულამაზესი სახლი არ შენარჩუნდა. სახლის დიასახლისმა, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევამ, რომელიც ლერმონტოვს დეიდად ეკუთვნოდა შექმნა სალონი, რომელიც თამაშობდა დიდ როლს თბილისი კულტურულ ცხოვრებაში. ეს სახლი იქცა ქალაქის ლიტერატურული ცხოვრების ცენტრად და ნაღები საზოგადოების შეკრების ადგილად. აქ ყოფილან კიუხელბეკერი, პუშკინი, იაკუბოვიჩი, რინკევიჩი და სხვ. 1837 წელს ახვერდოვების სახლში ცხოვრობდა დიდი რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი. სახლის ეზოში არსებულ ფლიგელს კი თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იკავებდა. ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე სახლი მთელს ქალაქში იყო ცნობილი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ შესანიშნავი განათლება მიიღო და მშობლიურ ენაზე ლექსებს წერდა. ასევე რუსი პოეტების ლექსებს თარგმნიდა. ჭავჭავაძების სახლის მთავარ ფასეულობას ქალები წარმოადგენდნენ: ცოლი -სალომე და უმშვენიერესი ქალიშვილები – ნინო და ეკატერინე. ჭავჭავაძეების სახლი ერთხმად იყო აღიარებული რუს და ქართველ ინტელიგენციის დამაკავშირებელ რგოლად. ჭავჭავაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდა მიხეილ ლერმონტოვი და 1829 წელს დაქვრივებულ ნინო ჭავჭავაძეს ესაუბრებოდა. გადმოცემის მიხედვით, მან ლერმონტოვს განშორებისას აჩუქა ხანჯლები მამამისისა და ქმრის კოლექციებიდან. ჭავჭავაძეებისა და ახვერდოვების ოჯახები ოდითგანვე იყო დაკავშირებული მეგობრული ურთიერთობებით. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. სწორედ ახვერდოვების ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი ნინო ჭავჭავაძემ და ალექსანდრე გრიბოედოვმა, რაც, როგორც ვიცით, უდიდეს სიყვარულში გადაიზარდა. აქ თხოვა მან ნინოს ცოლობა.

43-ე სკოლა


თუკი მაჩაბლის ქუჩას გავუყვებით, მოვხვდებით ასათიანის ქუჩაზე. მე-19 საუკუნეში აქ განთავსებული იყო თავადი ბებუთოვების სასახლე. სწორედ ამიტომ ერქვა ამ ქუჩას ადრე – ბებუთოვის ქუჩა. თუკი ქუჩას ზემოთ გავუყვებით, აღმოვჩნდებით ცნობილ 43-ე სკოლასთან. ადრე ეს იყო მანთაშევის სავაჭრო სასწავლებელი. იგი 1910-1911 წლებში იქნა აშენებული (არქიტექტორი გაზაროს სარქისიანი). მშენებლობა დააფინანსა ცნობილმა ნავთობ-მეწარმემ ალექსანდრე მანთაშევმა. სკოლა 1911 წლის 1 ივლისს გაიხსნა. არმისული სკოლამდე – შეასახვევია, რომელშიც შეხვევის შემთხვევაში აღმოვჩნდებით ქიქოძის ქუჩაზე. შეუძლებელია არ შეამჩნიო ქიქოძის 11 ნომერში არსებული შენობა. ულამაზესი სახლი ქვის აივნების არკადით ტერ-მიქელოვმა ააგო. ცნობილმა არქიტექტორმა ”იტალიური ვილა” აღმართა ”ხიზილალის მეფეების” ძმები მაილოვებისათვის. ფასადზე ჯერაც ჩანს პირველი მფლობელის ინიციალი ”მ” . სამწუხაროდ, ძმებზე ბევრი ვერაფერი ვერ გაირკვა. ცნობილია, რომ აქ ცხოვრობდა სომეხი პოეტი აკოპ აკოპიანი, ხოლო საბჭოთა პერიოდში კი ფილიპე მახარაძე.

კულტურის სახლი


ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა – ყოფილი მანთაშევის სახლია. გადმოცემით, მანთაშევმა იგი თავისი ქალიშვილისათვის ააშენა. აივნების მოაჯირებზე ჯერაც არის შენარჩუნებული ქალის სილუეტი. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო ხელოვნების მუშაკთა სახლი, ხოლო ამჟამად – შ. დადიანის სახელობის კულტურის სახლი.

50-ე სკოლა


ოდნავ ქვევით, ქიქოძის 4-ში დგას სოლიდური, ყვითელი ფერის შენობა. ამჟამად ეს 50-ე სკოლაა. 1918-1921 წლებში სკოლაში ფუნქციონირებდა ფრანგული საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში კი იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა. მან ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში და პარიზში დაბრუნებისას თავისი მოგზაურობის დაწვრილებითი აღწერილობა გამოსცა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში საფრანგეთის საკონსულო. იგი რუსული ხელისუფლების პატრონმაჟით სარგებლობდა. გამბა მეგობრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და მის წინანდლის სახლსაც კი სტუმრობდა.

ინგოროყვას ქუჩა

ქიქოძის ქუჩის ბოლომდე გასვლისას, კვლავ აღმოვჩნდებით ლეონიძის ქუჩაზე, რომელის გადაკვეთისას, მოვხვდებით ინგოროყვას ქუჩაზე. ამ ქუჩაზე აღმოჩენისას, პირველი რასაც დავინახავთ, ეს არის საქართველოს მთავრობის სახლი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი ცენტრალური კომიტეტი. მის პირდაპირ კი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტია. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისტიტუტის შენობაში მეფისნაცვლის კანცელარია იყო განთავსებული.

ჩაიკოვსკის ქუჩა

ზუსტად კანცელარიიდან იწყება ჩაიკოვსკის ქუჩა. ჩაიკოვსკის 12-ში არსებულ სახლში არა ერთხელ გაჩერებულა დიდი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. ეს სახლი მის ძმას ეკუთვნოდა, რომელსაც საოლქო სასამართლოს პროკურორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. პეტრე ჩაიკოვსკი აღფრთოვანებით აღწერდა თბილისის სტუმრობის პერიოდებს თავის წერილებსა და დღიურებში.

ჭონქაძის ქუჩა

თუკი ჩაიკოვკის ქუჩას ბოლომდე ავუყვებით, აღმოვაჩენთ ჭონქაძის ქუჩას. ჭონქაძის 12-ში ბოზარჯანცის, თამბაქოს მწარმოებლის დიდებული სახლი დგას (არქიტექტორი – ოგაჯანოვი). ეს შენობა მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ფოიე მოპირკეთებულია კაფელით. შენობის არქიტექტურა ერთ სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი. ძმების ბოზარჯანცევებისა სამ-სართულიანმა სახლმა მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია – საუკეთესო ფასადი, რომელიც თბილისის მერიამ 1915 წელს მიანიჭა მას. სწორედ ამ სახლში იქნა გადაღებული მრავალი მხატვრული ფილმის სცენები. მათ შორის იყო, ”დათა თუთაშხიაც”. ჭონქაძის ქუჩაზე, კერძოდ კი 4 ნომერში, კიდევ ერთი აღსანიშნავი რომანტიკული მოდერნის სტილში გადაწყვეტილი ნაგებობაა, რომლის მეორე სართულზეც ბაღია განთავსებული.

კავკასიური სახლი

ჩვენი უკანასკნელი გაჩერება გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის 20 ნომერია. სწორედ აქ არის განთავსებული ”კავკასიური სახლი” ან როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ სმირნოვების სახლის პუშკინის მემორიალი. სახლში შევლისას, უნებურად დაგავიწყდებათ, რომ რამოდენიმე წუთის სიარულის შემთხვევაში ქალაქის ცენტრში ხართ, რადგან მოულოდნელად ხდებით თვითმხილველი და მონაწილე საოცარი სიჩუმისა, მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი სიჩუმისა. სახლი 1860 წელს თამამშევის ოჯახის თავის (მდიდარი სომეხი კომერსანტის) შეკვეთით და შვედი ოტო სიმენსენის პროექტით ტრადიციულ ევროპულ სტილში ხის ფერადი აივნებით აშენდა. თამამშევის ქალიშვილი ელიზავეტა მიხეილ სმირნოვს გაჰყვა ცოლად და მშობლებისაგან მზითევში ეს სახლი მიიღო. მიხეილის დედა იყო ალექსანდრა ოსიპოვა სმირნოვა-როსეტი. იგი გახლდათ მეგობარი ისეთი გამოჩენილი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ: პუშკინი, კრილოვი, მიცკევიჩი, ლისტი და ჟუკოვსკი. იყო ორი იმპერატრიცის ფრეილინა, ლიტერატურული სალონის მფლობელი, გამოჩენილი მემუარისტი და თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. რუსულ პოეზიაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას 30-ზე მეტი ლექსი მიუძღვნეს, რომელთაგან უმეტესობა მუსიკაზეა დადებული და დღეს ქალაქური რომანსების სახით იმღერება. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიხეილმა დედამისის ლიტერატურული სალონი პეტერბურგიდან ამ სახლშიი გადმოიტანა და თანდათანობით ის გადაიქცა ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად, სადაც იკრიბებოდნენ რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ადამიანები, მწერლები, მეცნიერები, მსახიობები, მუსიკოსები. სწორედ ასე აღმოჩნდა თბილისში მრავალი დეკორატიული ექსპონატი. ამგვარად ჩვენ ვასრულებთ ჩვენს გასეირნებას სოლოლაკში. თუმცა მის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი კიდევ დიდ ხანს შეიძლება.